ფენ შუი ძველი ჩინური ხელოვნებაა და ნიშნავს ქარს და წყალს.
ქარსაც და წყალსაც უდიდესი ენერგია აქვს, რაც დადებითი აურით გვავსებს. ფენ შუი ნიშნავს ცხოვრების ძირითადი ელემენტების (ყველაფერი, რაც გარს გვაკრავს) მოწესრიგებას ოპტიმალური და ჰარმონიული ენერგიის (წყლისა და ჰაერის მსგავსი) ნაკადის შესაქმნელად.
ფენ შუი ძირითადად საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის მოწყობის ფორმულაა, თუმცა იგი ასევე იძლევა რჩევებს, ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად და სულიერი ჰარმონიის მისაღწევად.
თუ რატომ ავადმყოფობს ადამიანი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. სამაგიეროდ, ნათელია ერთი რამ: სულიერი წონასწორობა და ჰარმონიული გარემო აღადგენს შერყეულ ჯანმრთელობას. გაიხედეთ ფანჯარაში: რას ხედავთ? პარკს, ბავშვების სათამაშო მოედანს? ე.ი. გაგიმართლათ. მაგრამ თუ თქვენი ფანჯრის წინსაავ ადმყოფო ან სასაფლაოა, მაშინ რაღაც უნდა იღონოთ. თუ უახლოეს მომავალში ბინის შეცვლას არ აპირებთ, ეცადეთ შეასუსტოთ, გაანეიტრალოთ ცუდი გარემო – ფანჯარაზე ახალი კუბოკრული შტორები დაჰკიდეთ, რაფაზე კი ხასხასა წითელყვავილებიანი ქოთნები დადგით.
სახლში კარგი გარემოს შესანარჩუნებლად პირველ რიგში უნდა გადაყაროთ ყველა ის ნივთი, რომელიც არ გჭირდებათ, ან არ გსიამოვნებთ, იქონიეთ მცენარეები, ოღონდ განათავსეთ ისინი ბაგუას (ფენ შუის რვაკუთხედი) მიხედვით…
ჯანმრთელობის გაუარესება მაშინაა მოსალოდნელი, თუ ბინას, რომელიც ვინმესგან იყიდეთ, ძველი პატრონები “ახსოვს”. ამიტომ გირჩევთ, გადასვლამდე ასეთი ბინა გაწმინდოთ და დროდადრო “განბანოთ”.
ფენ შუის მიხედვით, სახლებში არსებობს ზონები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ნაწილზე არის პასუხისმგებელი. ჯანმრთელობის სექტორი აღმოსავლეთით მდებარეობს, ასე რომ, უპირველესად წესრიგი იქ დაამყარეთ. ეს ხის სექტორია, ამიტომ რაც მეტ ხის ნივთს, ცოცხალ ყვავილებს და მწვანე დეტალს შემატებთ ბინის ამ კუთხეს, მით უკეთესია. აქვე განალაგეთ აკვარიუმები, პეიზაჟიანი და მარინისტული სურათები. სექტორის გაძლიერება სიმბოლური ნივთებითაც შეიძლება.
ფენ შუის თანახმად, ჩვენს ბინებს ხშირად “სტუმრობენ” “მოხეტიალე ვარსკვლავები”. ისინი ყოველ წელს იცვლიან მდებარეობას სექტორების, ანუ ბაგუას მიხედვით. მათ შორის არიან “კეთილი ვარსკვლავები”, რომლებსაც ბინის პატრონებისთვის ჯანმრთელობა და წარმატება მოაქვთ. მაგრამ ზოგიერთი მტრულად არის განწყობილი ჩვენ მიმართ. ამიტომ ყოველ წელს გადააადგილეთ ავეჯი. წელს ნეგატიური ვარსკვლავები აღმოსავლეთ და სამხრეთ სექტორებშია თავმოყრილი. თუ შესაძლებელია, საძინებელი სხვა ადგილას გადაიტანეთ, ან შეეცადეთ, “უსიამოვნო სტუმრების” გაუვნებლებას. ამ ვარსკვლავების სტიქია დედამიწაა, ე.ი. სწორედ ის უნდა შეასუსტოთ. ზემოთ აღმოსავლეთ სექტორზე მოგახსენეთ, სრულიად გადაჭრის პრობლემას ხე. ის ხომ დედამიწას არღვევს. სამხრეთითაც სჯობს ხის სტიქიის გაძლიერება, თუმცა ასეთ დროს თავი აარიდეთ წყალს (ნუ დადგამთ აკვარიუმებს და ა.შ.).
ფენ შუის უძლიერესი ინსტრუმენტია ჯანმრთელობის ინდივიდუალურად გასაუმჯობესებელი “ციური მკურნალი”. ყველა ადამიანს თავისი “ციური მკურნალი” ჰყავს და მისივე დაბადების დღეზეა დამოკიდებული. თავდაპირველად უნდა გამოთვალო საკუთარი რიცხვი, ე.წ. გუა. ამისთვის უნდა შეკრიბოთ დაბადების წლის ბოლო ორი ციფრი. თუ ორნიშნა ციფრს მიიღებთ, დაიყვანეთ ერთნიშნამდე. მამაკაცებმა მიღებული ციფრი უნდა გამოაკლონ 10-ს; ქალებმა კი მიუმატონ – 5-ს. შედეგი ისევ ერთნიშნა ციფრამდე დაიყვანეთ – სწორედ ეს იქნება თქვენი ციფრი. რა ციფრიც მიიღეთ, ის იქნება თქვენი ჯანმრთელობის წარმმართველი: 1 – აღმოსავლეთი; 2 – დასავლეთი; 3 – ჩრდილოეთი; 4 – სამხრეთი; 5 – დასავლეთი მამაკაცებისთვის და სამხრეთ-დასავლეთი ქალებისთვის. 6 – ჩრდილო-აღმოსავლეთი; 7 – სამხრეთ-დასავლეთი; 8 – ჩრდილო-დასავლეთი; 9 – სამხრეთ-აღმოსავლეთი.
მიმართულების შერჩევა ძალზე მნიშვნელოვანია საწოლის დასადგმელად – თუნდაც დროებით. ავადმყოფობის დროს მაინც გადადგით საწოლი საჭირო სექტორში, “ციური მკურნალის” შესაბამისად.